ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, საერთოდ მოვერიდოთ მოგზაურობას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ირანიდან და ჩინეთიდან მოქალაქეების შემოსვლა თითქმის შეწყდა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი შემოსვლა ფიქსირდება იტალიიდან, რომელთაგან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს მაღალ დასენიანებული ადგილებიდან. თითქმის შეწყდა ადამიანების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან. ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება იტალიიდან და ძირითადად შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, სხვადასხვა რეჟიმი მუშაობს, საკარანტინო და თვით იზოლაციის რეჟიმები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება.
„აქედან საჩხერეში არის 31, აბასთუმანში-26, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში – 14, ვივამედის სასტუმრო განყოფილებაში -35, დაემატა შუაღამიდან ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. მოგეხსენებათ, გუშინ მოხდა მისი დაცლა ავადმყოფებისგან, სადაც არის დაახლოებით 90-მდე ადგილი და დღევანდელი რიცხვით იქ წევს 13 ადამიანი, რომლებიც, როგორც კორონავირუსზე უარყოფითები, გადაყვანილი იქნენ ინფექციური საავადმყოფოდან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 25 ადამიანი, აქედან სამს კორონავირუსი აქვს, ხოლო დანარჩენები კვლევისა და მონიტორინგის ბაზაში არიან.
ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს კვლავ მიმართა რამდენიმე რეკომენდაციით:
„პირველი ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი ავარიდოთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაღალ, დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას. ესენი იყვნენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. დღეს მინდა, ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, რომ რადგან ევროპაში უკვე სერიოზული გავრცელებაა, დღეს საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში, უკვე გადააჭარბა 1000-სს, ეს არ არის მანდატორული რეკომენდაცია, მაგრამ არის რეკომენდაცია, რომ თუ განსაკუთეებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ მოვერიდოთ მოგზაურობას“ ,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.