ამირან გამყრელიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ ჯგუფებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფებისთვის მიღებულ განკარგულებაზე ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, განკარგულების თანახმად, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში.
„ძალიან გთხოვთ, ეს გზავნილი იყოს კარგად გაგებული და მიტანილი მოსახლეობისადმი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები. გუშინდელი რიცხვით დამტკიცებულია ახალი განკარგულება იმ ჯგუფების, ვინც ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას. იმ ჯგუფებში განსაკუთრებული ყურადღება არის ინფიცირებულთან კონტაქტირებულ ადამიანებზე. კონტაქტირებული ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში.
ზოგადად ინფიცირებულებში დღეს უსიმპტომოთა რიცხვი დაახლოებით 30-40 პროცენტამდე ლავირებს. თუ ის გახლავთ უსიმპტომო, 12 დღის შემდეგ, ყოველგვარი ტესტის გარეშე არის თავისუფალი. დიდია როლი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან ჩემი კოლეგების. თუ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან სუნთქვის ოდნავ გაძნელება, აუცილებელია, მან შეატყობინოს ექიმს „112“-ის საშუალებით, ან კოვიდსატუმროებში და ზოგადად სასტუმრო სივრცეებში არიან სამედიცინო მეთვალყურეები, ანუ ექიმები. ის აუცილებლად ექვემდებარება „პისიარ“ ტესტირებას. თუ ის იქნა დადებითი, შემდგომ მისი მართვა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლით, როგორც ინფიცირებული ადამიანის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ კარანტინში მყოფ უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებს მერვე დღეს მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, რათა დიდხანს არ დაყოვნდნენ.
„ამავე დროს, იცით, უკვე მოქმედებს პროტოკოლი კარანტინში უცხოეთიდან შემოსული ადამიანების მერვე დღეს ტესტირებისა, მერვე დღეს დაშვებული იქნა უკვე საკმაოდ მაღალი ხარისხის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომ ეს ახალხი დიდი ხნის განმავლობაში არ დაყოვნდეს. მათ შეიძლება ჩაუტარდეს სწრაფი ტესტი ანტიგენით და თუ უარყოფითი იქნება, ისინი თავისუფლდებიან, თუ საეჭვოა, მაშინ ტარდება „პისიარ„ ტესტირება. პრემიერმა მოგახსენათ, გაზრდილი ინფიცირების ფონზე, რომელიც პროგნოზირებადი იყო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას. ხედავთ, ძირითადად სამი რეგიონი იპყრობს ჩვენთან ყურადღებას, განსაკუთებით აჭარა გვრჩება, თუმცა ახალ შემთხვევათა რიცხვი აჭარაში შემცირებულია.
მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ თანდათან გვეზრდება გამოჯანმრთელებულთა პროცენტი, 54 პროცენტზეა ასული გამოჯანმრთელებულთა წილი საერთო აქტიურ ინფიცირებულთა შორის. გარკვეულად გვაქვს მზარდი მონაცემები იმერეთსა და თბილისში. ძალიან გთხოვთ, ყველა რეკომენდაცია ხშირად გავაჟღეროთ, რომ ადამიანებამდე ეს დავიდეს.
ურთიერთობა – ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საზოგადოების და განსაკთრებული როლი აქვს დამსაქმებლებს. დამსაქმებელი და ხელმძღვანელი, იქნება საჯარო, თუ კერძო დაწესებულება, ვალდებულია, აუცილებლად აწარმოოს თერმოსკრინინგი, რომ ყველა სიმპტომიანი ადამიანი ან ინფიცრებულთან კონტაქტირებული, სწრაფად გადაიყვანონ კარანტინში, ან თვითიზოლაციაში. ამის პასუხისმგებლობა მათ უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანდაცვის მუშაკების როლი – ადაპტაციის, თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ჩვენ ერთობლივად კიდევ სულ მცირე ერთი წელი უნდა გავიაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.