ამირან გამყრელიძე - გამოწვევები ძალიან ბევრია და ილუზიის შექმნა, რომ გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ კორონა, დაახლოებით იმავეს მოგვიტანს, რაც ზაფხულში გვქონდა
ამირან გამყრელიძე - გამოწვევები ძალიან ბევრია და ილუზიის შექმნა, რომ გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ კორონა, დაახლოებით იმავეს მოგვიტანს, რაც ზაფხულში გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, გამოწვევები ძალიან ბევრია და ილუზიის შექმნა, რომ ვირუსი დამარცხებულია, დაახლოებით იმავეს მოუტანს ქვეყანას, რაც ზაფხულში გვქონდა.

„შემსუბუქების პირველი ეტაპი პირველი თებერვლიდან იყო, შედეგ 15-დან დაემატა სკოლები, რომელიც არის მობილობის ზრდის ერთ-ერთი ძლიერი სტიმული. ჯერჯერობით, ერთი კვირაც არ გასულა სკოლების გახსნიდან. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი კვირა დაკვირვება გვმართებს, ეს რამდენად იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე.

მადლობა მოსახლეობას, რომ დაცულია წესრიგი, დაცულია პირველ რიგში პირბადის ტარების მაჩვენებელი, ისევ ვართ 72%-ის ფარგლებში, მაგრამ სასურველია, 95% მდე ავიდეთ. მაშინ შედარებით ნაკლები შეზღუდვა და ნაკლები რეგულაცია დაგვჭირდება. კი, ვაქცინაზე გადის პანდემიის დამთავრების მთავარი გზა, მაგრამ მოსახლეობის ვაქცინაციას დასჭირდება სერიოზული დრო და პირბადე არის მანამდე მთავარი პრევენციული საშუალებაა. ამიტომ, ჩვენ თუ ყველა ამ პირობას შევასრულებთ – პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დამუშავება, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯი კიდევ იქნება გარკვეული შემსუბუქებები და ეს მოხდება ეტაპობრივად.

ბოლო შვიდ და 14 დღეში გვიჭირავს დაახლოებით 2-დან 3%-მდე დადებითობის მაჩვენებელი. მაგალითად, აჭარაში თებერვალში ერთი პროცენტია, თბილისში ორ და სამ პროცენტს შორის მერყეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 2-დან 3%-მდე მერყეობს, რაც კარგია და მიმანიშნებელია იმაზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია მიდის. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან პანდემია ჯერ არ ჩერდება.

იცვლება მუტაციები, ახალი შტამების ცირკულაცია იწყება. ამიტომ ჯერ გამოწვევები ძალიან ბევრია და თვითილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ კორონა, შეგვიძლია მოვეშვათ და ყველაფერს ისევ დავუბრუნდეთ, როგორც იყო ერთი წლის წინ, ეს ნამდვილად ვერ იქნება. თვითდამშვიდება და ილუზია დაახლოებით იმავეს მოგვიტანს, რაც ზაფხულში გვქონდა, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ახლა არანაირი რეკომენდაციის დაცვა არ გვჭირდება. ეს გარკვეული რეგულაციები ჩვენ კარგა ხანს დაგვჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას თანდათან, ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესების გახსნას, ოღონდ ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჯანდაცვის სექტორი უწევს რეკომენდაციას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.