ამირან გამყრელიძე - გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც შეზღუდვებთან ერთად, პოზიტიურად ისახება კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გამყრელიძის თქმით, დღემდე ვირუსი საერთო ინფიცირებულთა 86-მა პროცენტმა დაამარცხა. ამასთან, გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა დღევანდელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 სათში განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს თითქმის ორჯერ აჭარბებს.
თუმცა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
„ჩვენი კოლეგები, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად დიდი გვქონდეს გადარჩენის მაჩვენებელი. ძალიან კრგია, რომ ჩვენ ახლა გამოჯანმრთელების დიდი მაჩვენებელი გვაქვს. თებერვლის შემდეგ ქვეყანაში სულ 208 638 შემთხვევაა დაფიქსირებული და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86 პროცენტია. ანუ, 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მაგალითად, დილისთვის ძალიან მაღალი იყო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი – 4 599. თითქმის ორჯერ გადააჭარბა გამოჯანმრთელებულებმა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, მაგრამ გვაქვს გარდაცვალების 39 შემთხვევა. დიახ, იმის გამო, რომ დიდია მძიმე პაციენტების რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა, გვქონდეს სიკვდილიანობის გარკვეული ზრდა. ყველაფერი კეთდება, რომ მძიმე პაციენტები გადარჩნენ, მაგრამ რაც მეტი გვექნება შემთხვევათა რაოდენობა, უფრო მეტი იქნება დამძიმების ალბათობა, შესაბამისად, ფატალური შედეგიც უფრო მეტი დადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახალი შემთხვევების შესამცირებლად და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საშუალება შემზღუდველი ღონისძიებები და რეკომენდაციების დაცვაა.
„კარგია, რომ მეტია პირბადის ტარების ტენდენცია, შეზღუდვებთან ერთად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი შედეგი. ადამიანების უმრავლესობამ გაითავისოს, რომ გარე, თუ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც პოზიტიურად ისახება ახალ გამოვლენილ შემთხვევათა შემცირებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.