ამირან გამყრელიძე - ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, მზად ვარ, მოსახლეობას მაგალითი ვაჩვენო
ამირან გამყრელიძე - ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, მზად ვარ, მოსახლეობას მაგალითი ვაჩვენო

ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად რეალისტურია მოსახლეობის 60 პროცენტამდე აცრა, რასაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გეგმაში გაწერილია, როგორ უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის სიმძლავრეები და ამასთან, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დამყოლობა ვაქცინაციაზე.

„საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, 60 პროცენტი. მოზრდილ მოსახლეობაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, რომ 18 წლამდე „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის გამოცდილება ჯერჯერობით არ არის. ახლა დაიწყო კლინიკური კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრასთან მიმართებით. ჯერჯერობით საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. საქართველოში მოზრდილი მოსახლეობა არის დაახლოებით 2,8 მილიონზე ოდნავ მეტი და მისი 60 პროცენტი სადღაც მილიონ ექვსას ორმოცდაათი-მილიონ ექვსას ოთხმოცი ათასამდე მერყეობს და ისინი უნდა აიცრან წლის ბოლომდე ორჯერადად, რაც ნიშნავს, რომ ამ ვაქცინის დაახლოებით 15-პროცენტიანი დანაკარგით უნდა იანგარიშო ყოველთვის, რადგან ზუსტად არ იხარჯება, ცოტა მეტია ხოლმე დანაკარგი, სადღაც 3 900 000 დოზა გვჭირდება რომ აიცრას. ეს ამბიციური გეგმაა. ჩვეულებრივი იმუნიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, რუტინული იმუნიზაცია, ბავშვები როცა იცრებიან, სადღაც წლის განმავლობაში გვაქვს მილიონამდე აცრა-ვიზიტი ხოლმე და ამ შემთხვევაში ე.ი. სიმძლავრეები არის გასაზრდელი დაახლოებით სამნახევარჯერ ცოტა მეტი, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ პანდემია, ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს ამ გეგმაში, სწორედ როგორ უნდა დაახლოებით გაოთხმაგდეს ​ჩვენი სიმძლავრეები, ანუ ამცრელი წერტილები, ამცრელი ბრიგადები, გამსვლელი ბრიგადები, თანდათანობით როგორ უნდა მოხდეს სისტემის გაძლიერება. იმუნიზაციის სისტემა საკმაოდ გამართულია ქვეყანაში, მოგეხსნებათ და ეს გეგმა უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დამყოლობას, ანუ თქვენი ფუნქცია, მასმედიის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ აუხსნათ მოსახლეობას, რომ ჩვენ ვებრძვით ყველაზე დიდ გამოწვევას ბოლო 100 წელიწადში, მსოფლიოში ასეთი პანდემია არ ყოფილა „ისპანკას“ შემდეგ, რომელმაც ამდენი ადამიანი დააინფიცირა, სამწუხაროდ ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს პანდემია ვერ მორჩება, არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსის აცრას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს, რადგან მსოფლიოში ეს ტრენდი უკვე არსებობს, ამირან გამყრელიძემ განაცხდა, რომ ის გრიპზე პირდაპირ ეთერში იცრება ხოლმე და იმავეს გააკეთებს კორონავირუსზე ვაქცინაციის შემთხვევაშიც.

„რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ არის. გრიპის აცრებს რომ ვიწყებთ ხოლმე, მე პირდაპირ ეთერში ვიცრები ყოველთვის, ამიტომ ეს პრობლემა არ არის. ერთადერთი, არაფერი დასამალი არ არის, მე ვიყავი კოვიდინფიცირებული. სულ რაღაც ერთი კვირაა, დავბრუნდი სამსახურში, ამიტომ გააჩნია, როდის შემოვა ვაქცინა, რადგან არის იქ ჩვენება, „კოვიდის“ გადატანის შემდეგ რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება, აიცრა, ავიცრა და ჩემთვის ეს, მოგეხსენებათ, მართალია, პერსონალური ინფორმაციაა, მაგრამ მე მზად ვარ, რომ იგივე ვაჩვენო მოსახლეობას მაგალითი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე – რა მეცნიერული საფუძველი აქვს იმას, რომ „კოვიდ-19“-ის ყველა ვაქცინა არის 18 წლის ზემოთ ასაკისთვის და ესეც ხომ არ აძლიერებს სკეპტიკოსების დამოკიდებულებას, რომ აცრა საშიშია, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საკმაოდ მოკლე დროში შეიქმნა და ჯერ არ ჩატარებულა მისი გამოცდა ბავშვებში, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები უკვე იწყება.

„არა, მოგეხსენებათ რომ ეს ვაქცინები, რაც დღეს უკვე ხმარებაშია, ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. დღეს ბიოტექნოლოგიები ისეა განვითარებული, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივად წამლისა და ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება, ახალი წამალი რომ შეიქმნას, საშუალოდ დაახლოებით 12 წელია საჭირო, მოლეკულიდან მის, ვთქვათ, საბოლოო გამოყენებამდე. ეს ვაქცინები შეიქმნა ძალიან სწრაფად, დაახლოებით ერთ წელიწადში, უფრო ადრე, ანუ როცა აღმოჩნდა ეს ატიპური ვირუსი, ერთ კვირაში, ათ დღეში მისი გენომი გაშიფრული იყო. გენომი როცა იშიფრება, ლაბორატორიაში ვაქცინის დამზადება დღევანდელი ტექნოლოგიებით არც თუ რთულია უკვე, მაგრამ ყველაზე დიდი დრო მიაქვს მის გამოცდას, ანუ ჯერ ე.წ. პრეკლინიკურ კვლევებს ცხოველებზე, შემდეგ უკვე კლინიკური კვლევის სამ ფაზას ადამიანებზე, მოხალისეებზე, მაგრამ ძალიან დაჩქარებული ტემპით წავიდა ეს, ამიტომ ჯერ ბავშვებზე არ ყოფილა ეს კლინიკური კვლევები. მოგეხსნებათ, ზოგადად ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ, რომ ბავშვებს ნაკლებად აზიანებს ან ბავშვებში, ასე ვთქვათ, ძალიან იშვიათად არის გართულებები და რთული მძიმე შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოხდა ეს კლინიკური კვლევები, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, უკვე იწყება 12 წლის ზემოთ კლინიკური კვლევები და ალბათ გარკვეული მოზარდები და არა მთლად ბავშვები, შემდგომში დაექვემდებარება, რადგან ეს ხომ ერთჯერადი პროცესი არ არის, ჩვენ ხომ არ ვიცით კორონავირუსული ინფექცია გადაიქცევა მომავალში გრიპის სეზონურ ინფექციად თუ იქნება, ვთქვათ, ერთჯერადი და ამით მორჩება პანდემია გარკვეულად, მაგრამ რესპირაციული ინფექციაა, მოგეხსნებათ და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით არცთუ მარტივია ამის პროგნოზი, ის დამთავრდება კი? თუ იქცევა სეზონურ რესპირაციულ ინფექციად, როგორც სხვა კორონავირუსული ინფექციები ან ამ რესპირაციული ინფექციიდან ყველაზე ცნობილი – გრიპი, რომელსაც სეზონურად სჭირდება უკვე ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, გრიპზე ყოველ სეზონზე იცრება ხომ მოსახლეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე – რამდენად არის მზად ქვეყანა ვაქცინის მისაღებად გაზაფხულიდან, შესანახად და ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამივე ტიპის ვაქცინის შენახვისთვის არსებობს პირობები.

„მოგეხსენებათ, რაც დღეს ვაქცინები უკვე გამოიყენება, არის სამი ტიპის, სამი რეჟიმის ვაქცინა. ვაქცინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამართული ე.წ. ცივი ჯაჭვის არსებობა ქვეყანაში, რადგან ვაქცინები ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურაზე არ ინახება ხანგრძლივად. განსხვავებით იმ რუტინული ვაქცინებისგან, რომლებიც ჩვენთან იხმარება და ზოგადად, მთელ მსოფლიოში, 2-8 გრადუსამდე ანუ ჩვეულებრივ მაცივრებში ინახება, ამ ვაქცინებიდან ცოტა სხვა პირობები აქვს. აი, „ფაიზერის“ ცნობილ ვაქცინაა, რომლითაც პირველი აცრები დაიწყო, რადგანაც ის სხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული, სჭირდება მინუს 70-80 გრადუსი, მეორეს – „მოდერნას“ სჭირდება მინუს 20 გრადუსი. ვთქვათ, „ასტრა ზენეკასა“ და დანარჩენ სხვას სჭირდება რუტინული, ანუ 2-8 გრადუსი. ჩვენ დღეს სამივე ჯაჭვი გვაქვს ქვეყანაში, გვაქვს მინუს 80-იანი მაცივრების საკმაო რაოდენობა, მაგრამ ეს გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რადგან იმუნიზაციის პროგრამის განმახორციელებელი ქვეყანაში არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში იმუნიზაცია გახდა ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტი, რაზეც მიუთითებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის ბიუჯეტის ზრდა.

„თუ 2011- 2012 წლებში იყო სადღაც 3-3,5 მილიონი, დღეს იმუნიზაციის ბიუჯეტი არის 24 მილიონი ლარი და ყველა ვაქცინა, რაც შემოდის ბავშვებისთვის ქვეყანაში, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული, ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის. ამავე დროს, ჩვენ ამ ბოლო წლებში პირველად მოვახდინეთ ამ ცივი ჯაჭვის სრული რესტრუქტურიზაცია საკუთარი, ანუ ბიუჯეტური ხარჯებით. ადრე ამისთვის ჩვენ 90-იანებში დაგვეხმარა გაერო-ს ბავშვთა ფონდი, იაპონიის განვითარების სააგენტო, შემდეგ როსტროკოვიჩის ფონდმა ითამაშა გარკვეული როლი, მაგრამ სერიოზული გადაიარაღება და გამართვა მოხდა უკვე სახელმწიფო ბიუჯეტით ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში და დღეს ეს ცივი ჯაჭვის სისტემა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, არის საკმაოდ გამართული. ჩვენ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს ეს მინუს 80-იანი მაცივრები, სადაც შეგვიძლია, დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 300 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დავასაწყობოდ. ამავე დროს, მაცივრების რაოდენობა გაცილებით მეტი გვაქვს მაგრამ იქ სხვა რეაგენტები ​და ნიმუშები ინახება კიდევ, მაგრამ შესაძლებელია, თუ გვექნა, გამოთავისუფლდეს და გარდა მაგისა, კიდევ შესყიდვის პროცესშია რამდენიმე მაცივარი. რაც შეეხება მინუს 20-იანს ანუ „მოდერნას“ ტიპის ვაქცინას, ჩვენ გვაქვს გამართული სისტემა ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე, ანუ ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში მინუს 20-იანი მაცივრები არის, ხოლო დანარჩენ ცივ ჯაჭვს, რასაც ვთქვათ, 2-8 გრადუსი სჭირდება, ის უკვე სოფლების დონეზეც გვაქვს გადასატანი მაცივრებიც და ასე შემდგომ. ანუ ჩვენ სამივე ტიპის ვაქცინის მიღება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ასიათასობით და მილიონობით დოზა შეგვიძლია, 2-დან 8 გრადუსამდე თავისუფლად დავასაწყობოთ ​ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს მომზადებულია და შესაბამისად, ეს გეგმა, რაც დღეს დამტკიცდა, ამის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე ბრძანება დამტკიცდება. იმუნიზაციის ახალი ბრძანება, ფუნდამენტური ბრძანება არის ქვეყანაში, ის ახლა გადაკეთდა სწორედ ამ „კოვიდთან“ მიმართებით და ჩაიდო იქ ყველა იმ პოტენციურ ვაქცინასთან მიდგომები, რომლებზეც გარკვეული ტრენინგი, ეს არ იქნება ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ტრენინგი, რადგან ამცრელებს საქართველოში, სადაც აცრის კაბინეტები აქვთ, ძალიან ბევრი ტრენინგები აქვთ იმუნიზაციასთან დაკავშირებული. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. ეს არის პნევმოკოკის ვაქცინა, როტავირუსული ვაქცინა, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამიტომ ამაზე პოლიკლინიკების ექიმების და ოჯახის ექიმების გადამზადება მუდმივად, სულ მიდიოდა, მაგრამ ახლა საჭიროა კონკრეტულად „კოვიდზე“, რომლის ტრენინგები იწყება უკვე იქითა კვირიდან და სწრაფად მოხდება ქსელის ანუ პირველი ეშელონის გადამზადება, ვინც „ფაიზერზე“ უნდა გადამზადდეს, რადგან იქ ცოტა გარკვეული თავისი ლოჯისტიკა აქვს, რომ გამოიღებ ხუთ დღეზე მეტი არ შეიძლება, ამიტომ კარგად უნდა გათვალო, იმდენი გამოიღო მინუს 80-დან, რომ ხუთი დღის განმავლობაში ზუსტად იმდენი ადამიანი აცრა და დანაკარგი რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს. თუ შემდეგ მინუს 20 გვექნა, იქ შედარებით უფრო ადვილია და 2-8 გრადუსზე აქ გამართული ჯაჭვია, გამართული გამოცდილებაა, სადაც შეიძლება, საკმაოდ ეფექტურად იყოს. ამიტომ დღეს მთავარი გამოწვევა, ჩვენ გარანტირებული ქვეყანას გვაქვს მილიონ ოთხასი ათასი დოზა „კოვაქსიდან“ წელს, ნუ ეს გარანტირებულია, რომლის წინასწარი შენატანი გადახდილია სექტემბერში, უკვე ახლა იყო დასტური, რომ ახლა 400 000 რომ მიიღოს პირველ კვარტალში, რამდენი უნდა იქნას გადახდილი და ა.შ. დანარჩენი, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ისევ კოვაქსპლატფორმასთან, რადგან „კოვაქსის“ პრინციპია – ჯერ „კოვაქსის“ წევრები, ყველა ქვეყანა 20 პროცენტით უნდა დააკმაყოფილოს და შემდეგ გაზრდის დოზებს. „კოვაქსს“ შესყიდული აქვს უკვე ორი მილიარდი დოზა ვაქცინების და გარანტირებული აქვს მთავარი მიმწოდებლებიდან. იქ დიდი იმედია, რომ ჩვენ გარანტირებულ დოზას თავისთავად მივიღებთ და მერე დაიწყება, მაგრამ ამავე დროს მიდის ბილატერალური მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან, სხვადასხვა მწარმოებელთან, რომ დამატებითი, როგორც გითხარით, ჩვენ წელს გვჭირდება სამი მილლიონ ცხრაასი ათასი დოზა, რომ დაახლოებით ეს მილიონ ხუთასი ათასი დოზა დამატებით კიდევ მოვიზიდოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას ხელშეწყობით, ერთმანეთის ხელშეწყობით და რა თქმა უნდა, მთავარი აქ სამედიცინო ქსელია, ჯანდაცვის ქსელი, უნდა შევძლოთ წელს, რომ ავიცრათ მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი ადამიანი ორჯერადად“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი