ამირან გამყრელიძე - ეს ერთი თვე არ არის საჭირო სახლებში 10 და 20-კაციანი სუფრები, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე, როდესაც ეპიდემია დამთავრდება
ეს ერთი თვე არ არის საჭირო სახლებში 10 და 20-კაციანი სუფრები, გავიჭირვოთ ყველამ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს მოქალაქეები სრულად არ იცავენ.
„საშიშია და საფრთხილოა, უკვე თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო და თუ ეს იქნა, იყოს რაც შეიძლება, ხანმოკლე. კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ ადამიანები ერთად. ზოგი იკრიბება ერთად. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10 და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს ქართველებს, კი, რა ჯობია. მერე, მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეს ეპიდემია, სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ ახლა, თვე, თვე-ნახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ რაც შეიძლება იზოლირებული, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია, რომ ახლა იზოლაციაში წავიდე, თორემ სიამოვნებით, კარგი სასტუმროებია კარანტინის და წავიდოდი, მაგრამ საჭირო ვარ დღეს ჯერჯერობით, თორემ ჩემი ასაკის ხალხი უნდა იყვნენ ახლა იზოლირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.