ამირან გამყრელიძე - ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნით ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-დეკემბერში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.
„დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იმავე მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ და არ გვინდა, ის ტალღა გადავიტანოთ. ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ფრთხილად უნდა ვიაროთ. ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს, ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან და იყოს დაკვირვება და ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგი. ყველა შეზღუდვა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე. მოგეხსენებათ, რესტორნებში, გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა. როდესაც მივირთმევთ ალკოჰოლს, მერე შესაძლებელია, ბევრი ახლო კონტაქტი იყოს, აღარ მოვყვები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესიც, გარკვეული რიგითობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.