ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ, ამიტომ მეტი სიფხიზლე და ყურადღება გვჭირდება
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, გლობალურად, ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში უარესდება.
„დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია დაახლოებით 220 ათასი შემთხვევა, 176 ქვეყანაში. აქედან ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში. ასევე სერიოზული პოზიტიური ძვრაა სამხრეთ კორეაში. დანარჩენი, ჩინეთს გარეთ მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ თვალსაზრისით ევროპა, რომლის ნაწილი ჩვენც გახლავართ და აქედან გამომდინარე, მეტი სიფხიზლე და მეტი ყურადღება გვჭირდება. ყველაზე მეტი, ჩინეთის შემდეგ, გახლავთ იტალიაში – 36 ათასამდე შემთხვევა, შემდეგ მოდის ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში დილის მონაცემებით კორონავირუსული ინფექციის 40 ლაბორატორიულდ დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
„30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა და აქედან ლაბორატორიულად დადასტურდა მხოლოდ 40. შესაძლოს როცა ვამბობ, ეს არის ჩვენს განსაზღვრებაში. ეს ნიშნავს, რომ გახლდათ შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდნენ ჩაღრმავებულ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ გამოკვლევებს და აქედან მხოლოდ 40-ის შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.