ამირან გამყრელიძე - ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ
ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი კოვიდდადებითი შემთხვევა იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კვლევა 17-25 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.
„მნიშვნელოვანი, რომ გუშინ დავასრულეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1 222 სისხლის ნიმუში იქნა შემთხვევითი პრინციპით შერჩული. იქ განისაზღვრა ე.წ. იმუნოგლობულინ ჯის ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ „იმუნოგლობულინ ჯი“ როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი ამოვიდა მარტვილის რაიონში. კვლევა ჩატარდა 17-25 აგვისტოს პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე გვქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.