ამირან გამყრელიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები დღეს კარგად არის დაცული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის კუთხით, გლობალურად სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, 213 ქვეყანაში 6,2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული
„45%-ია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გლობალურად და 6% სიკვდილიანობა. დადებითი გახლავთ ის, რომ გარკვეული ტენდენციაა სიკვდილიანობის შემცირების, 7%-მდე იყო ასული დაახლოებით სამი კვირის წინ და ის თანდათან მცირდება. პირველი სამეული გახლავთ აშშ, ბრაზილია და რუსეთი, შემდეგ მოდიან დანარჩენი ქვეყნები. ჩინეთმა ჩამოინაცვლა მე-17 ადგილზე გავრცელების მაჩვენებლით“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დაძაბულია ვითარება რეგიონში. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზღვრები კარგად არის დაცული.
„მნიშვნელოვნად დაძაბულია სიტუაცია ჩვენს სამეზობლოში. ყველა, ოთხივე ქვეყანა, ვისთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, მხედველობაში მაქვს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყველგან, გარდა თურქეთისა, რომელმაც ოდნავ დაასტაბილურა მდგომარეობა, ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები დღეს არის კარგად დაცული. ამ ქვეყნებიდან შემომსვლელი ყველა ადამიანი, გადადის 14 დღიან კარანტინში. ასევე არასახარბიელოა და ზრდის ტენდენციაა ბელარუსში, უკრაინაში, ყაზახეთსა და მოლდოვაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.