ამირან გამყრელიძე - დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი იყო 300-მდე საწოლი, კოვიდისთვის პოტენციურად განსაზღვრულია დაახლოებით 8 000 საწოლის მობილიზება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღვანდელი დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 300-მდე თავისუფალი საწოლი იყო.
მისივე თქმით, დღეს და ხვალ თავისუფლდება კიდევ დაახლოებით 600-700 საწოლი. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ზოგადად კოვიდისთვის პოტენციურად განსაზღვრულია ქვეყანაში 8000-მდე საწოლის მობილიზაცია.
„რაც შეეხება საწოლფონდს, დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე იდგა საკითხი და ვიცი, რომ დღეისთვის იყო თავისუფალი დაახლოებით 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით, დააკავებულია 4 500. მინისტრმა ბრძანა, რომ გათავისუფლების ფაზაშია დაახლოებით 600, შემდეგ 700, ზოგადად კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში დაახლოებით 8 000-მდე საწოლის მობილიზაცია გაკეთდეს.
ქვეყანაში გვაქვს 17 000 საწოლი, საიდანაც შეიძლება მობილიზაცია გაკეთდეს 12 000-ის, მაგრამ ამ 12 000-ში უნდა შევიდეს ის საწოლებიც, რომლებიც ტრავმებისთვის, სხვადასხვა დაავადებისთვის შეიძლება დასჭირდეთ ადამიანებს. კოვიდზე პოტენციურად ქვეყანაში შეიძლება გამოყენებული იყოს 8 000 საწოლი. დღეს დაკავებულია 4 500, დილისთვის თავისუფალი იყო 300-მდე საწოლი, დღეს და ხვალ 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.