ამირან გამყრელიძე - დღევანდელი ეპიდსიტუაცია თუ გაგრძელდა, არ მგონია, სწავლის დაწყება საფრთხეს წარმოადგენდეს
დღევანდელი ეპიდსიტუაცია თუ გაგრძელდა, არ მგონია, სწავლის დაწყება საფრთხეს წარმოადგენდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია მართვადია.
„დღეს გვქონდა ათი ახალი შემთხვევა. ზოგადად, 26 თებერვლის შემდეგ, არის 1155 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 82% გვაქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. საკმაოდ გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი – მილიონ მოსახლეზე „პისიარ“ ტესტი გვაქვს 58 ათასი. ჩატარებულია კიდევ დამატებითი სწრაფი ტესტები 142 ათასის ფარგლებში.
ჯერჯერობით ორი ცხელი წერტილი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ერთი არის სოფელი ყარაჯალარი, რომელიც არის გაჩიანის დასახლებაში, ასევე ძირითადი შემთხვევები გვაქვს ხოლმე იმპორტირებული. ტესტირება მიდის ლილოს ბაზრობაზე, სადაც 3000-მდე ადამიანი გვყავს გამოკვლეული და კიდევ ვაპირებთ ამდენივე ადამიანის გამოკვლევას ამ კვირის ბოლომდე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დავით გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობების ჩაკეტვა არ იგეგმება.
„ჩაკეტილი გახლავთ მხოლოდ ერთი სოფელი, ისიც იმიტომ, რომ გაფართოებული კვლევის საშუალებები არ მოგვეცა. ლილოს ბაზრობაზე, რომელიც ყველაზე დიდი ბაზრობაა, საკმაოდ აქტიურად მიდის ტესტირება. ბაზრობებზე გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების წესის დაცვა, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება. ამასთან, პარასკევიდან დიდ ბაზრობებზე ვიწყებთ შერჩევით კვლევებს, ლილოს ბაზრობაზე კი კვლევა კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.