ამირან გამყრელიძე - დღეს ქვეყანაში არ არის არც ერთი ადამიანი, ვისაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება
ამირან გამყრელიძე - დღეს ქვეყანაში არ არის არც ერთი ადამიანი, ვისაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება

დღეს ქვეყანაში არ არის არც ერთი ადამიანი, ვისაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.

„ბოდიში ამ სიტყვაზე და, იმაზე „ჩაციკვლა“, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება, პანაცეა იყოს და ქვეყანაში სწრაფი ტესტები შემოვა თუ არა, ყველაფერს უცებ გადავწყვეტთ, სწორი მიდგომა არ არის. რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ოქროს სტანდარტი. ოქროს სტანდარტი გვაქვს და დღეს ჩამოვიდა ტესტი, რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას საათნახევარზე ჩამოიყვანს. სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მსუბუქი შემთხვევის სწრაფი ტესტით გამოკვლევა შეუძლებელია და არც არის მართებული.

„მაშინ, 3 700 000 ადამიანი უნდა გამოიკვლიო. ამის არც საშუალება არსებობს და ამას არც აზრი არ აქვს. ეპიდემიოლოგიაში არის სხვა მეთოდები და მიდგომები, კვლევები, სადაც შეგიძლია, თქვა, მოსახლეობაში გავრცელების დაახლოებით, რა პროცენტი გაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გერმანიამ ჯერ მხოლოდ 250 000 ადამიანი გატესტა, სამხრეთ კორეამ კი, რომელიც სწრაფი ტესტების მწარმოებელი ქვეყანაა – 350 000 ადამიანი.

„ჩვენ დღეს PSR ტექნოლოგიით სადღაც, 1 700 ადამიანი გვყავს გატესტილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.