ამირან გამყრელიძე - დღეს დადასტურებული ხუთივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთივე შემთხვევა უკავშირდება იტალიას.
ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არის 30 შემთხვევა. დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზაურობას, 10 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ახლა გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს დადასტურებული ხუთივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ ადამიანების ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ყველაფერი გამოკვლეულია. მიმდინარეობს ამ ადამიანების გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის მსუბუქი სიმპტომები და მათი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.