ამირან გამყრელიძე - დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან 238 კონტაქტის ღრმა კვლევაა ჩატარებული, მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი განხორციელდა
ამირან გამყრელიძე - დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან 238 კონტაქტის ღრმა კვლევაა ჩატარებული, მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი განხორციელდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც უკვე გაეწერა, კიდევ ორი კვირის განავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ დანარჩენ 39 პირს, გამყრელიძის თქმით, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

„ერთი გახლავთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი – საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში, ორი გახლავთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისში და დანარჩენი – ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.

მოგეხსენებათ, რომ მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დილის მონაცემებით, 39 პაციენტიდან 12-ს პნევმონია აქვს.

მისივე განმარტებით, მათგან სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული, უფრო საყურადღებოა.

გამყრელიძე ამბობს, რომ პაციენტებთან კონტაქტში შესაძლო მყოფი პირების მოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია ყველა ამ პაციენტის, მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარია განხორციელებული, თითოეულთან დღეში რამდენიმე, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ღონისძიებების გატარება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.