ამირან გამყრელიძე - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდა ყველა ადამიანს, ვისაც დამტკიცებული განსაზღვრების მიხედვით ეს სჭირდებოდა
ამირან გამყრელიძე - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდა ყველა ადამიანს, ვისაც დამტკიცებული განსაზღვრების მიხედვით ეს სჭირდებოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დამტკიცებული განსაზღვრების მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეფუძნება, ვისაც ტესტის ჩატარება სჭირდებოდა, ყველა გამოკვლეულია.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რას უკავშირდება ბოლო დროს ტესტირების გაფართოება.

გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. შემზღუდავი, ანუ საკარანტინო ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, შესაძლოა, მოიმატოს შემთხვევათა რაოდენობამ და მნიშვნელოვანია მეტი ადამიანის გამოკვლევა.

„რატომ გავაფართოვეთ ერთი კვირით ადრე და რატომ ადრე არა, დამისვამენ ამ კითხვას. დამერწმუნეთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდებოდა დღემდე ტესტირება იმ განსაზღვრების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში დამტკიცებულია, და ეს განსაზღვრება ჩვენი მოგონილი არ არის, ის ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაზღვრებებს, ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდებოდა პისიარ ტესტირება ქვეყანაში, ეს ტესტირება  ჩაუტარდა. რატომ ვაფართოებთ ახლა? იმიტომ დავიწყეთ ეს გაფართოება, რომ როდესაც ვამსუბუქებთ ე.წ. შემზღუდავ ანუ საკარანტინო ღონისძიებებს, ორი მიმართულება უნდა გვქონდეს ძალიან სრულყოფილებაში და მზადყოფნაში.

უფრო მეტი ადამიანის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს და, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს ადამიანები, თუ ე.წ. შემსუბუქების პერიოდში  მოიმატოს ინფიცირებულებმა. ალბათ ნახეთ მერკელის განცხადებები  ამასთან დაკავშირებით, ასევე ყველა ლიდერის განცხადება, რომ ამ პერიოდში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ გარკვეული შემსუბუქების შემდეგ, შესაძლოა, დაგვჭირდეს ზოგიერთი ღონისძიების ისევ გამკაცრება, თუ ვთქვათ, ბევრი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.