ამირან გამყრელიძე - დამერწმუნეთ, რაც „ფაბრიკასა“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვირუსის გავრცელების ბევრად მომატებული რისკია, ვიდრე ეროვნული გამოცდები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რვა ახალი შემთხვევა საგანგაშო ფაქტი არ არის, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა და რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ფაბრიკასა“ და პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“ ხალხმრავლობა დაფიქსირდა, რაც მიუღებელია.
„რვა ახალი შემთხვევა საგანგაშო არ გახლავთ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამიც, ხუთიც, რვაც, ათიც და მეტი შემთხვევაც. ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. მხოლოდ ერთს მოგიწოდებთ, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, „ფაბრიკაში“, პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“, დიდი თავშეყრის ადგილებში, გავითავისოთ ის, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში, უყურებთ ხომ ბრაზილიაში რა ხდება, რუსეთში რა ხდება, ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში რა ხდება. არ დამარცხებულა ეს ინფექცია და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ნუ გავთამამდებით, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვსაუბროთ – დისტანცია, ახლა პარლამენტი იღებს კანონს პირბადის აუცილებელი ხმარების შესახებ საჯარო სივრცეებში, რამდენიმე ადამიანის თავშეყრის დროს, სად, როგორ უნდა გამოვიყენოთ და ა.შ. მაგრამ ჯარიმებით და დასჯით არა, თვითშეგნებით.
აქამდე ხომ ვიმუშავეთ და ყველას დიდი მადლობა, დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში და სოლიდარობა. ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებ დაზიანებულია დღეს. გთხოვთ, კიდევ გავაგრძელოთ ასე მუშაობა. რაც მე „ფეისბუქში“ ვნახე, რა ხდებოდა „ფაბრიკაში“ იმ დღეს, რა ხდებოდა პეტრიაშვილზე, ყველას გვინდა, გასაგებია, მაგრამ თავი შევიკავოთ ცოტახანს, ვიდრე პანდემია არის, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია, რაც იმ დღეს „ფაბრიკაში“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები, დამერწმუნეთ. რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები, ჯანმრთელი ახალგაზრდობა.
იქ კი, შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი „ფაბრიკაში“ უცბად გადასდებს დაახლოებით 20-ს. არ გვინდა ეს. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქარველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე და შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ – არა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.