ამირან გამყრელიძე - დაავადების ადრეულ ეტაპზე მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა და მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში კვლევა ამიტომ არის აუცილებელი
ამირან გამყრელიძე - დაავადების ადრეულ ეტაპზე მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა და მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში კვლევა ამიტომ არის აუცილებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე მართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

გამყრელიძე აქცენტს აკეთებს ბათუმში იმ ადამიანებზე, ვისაც მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. მისი თქმით, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევა.

„ბათუმში ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც უკვე აქვს 37 ტემპერატურა, უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა. ხაზს ვუსვამ, დაავადების ადრეულ ეტაპზე დაწყებული მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა. რა თქმა უნდა, ტემპერატურა შეიძლება სხვა დაავადების მიზეზიც იყოს, ამიტომაც საჭიროა დიფერენცირება. შესაბამისად, ჩავიტაროთ ტესტი, რომელიც არის ყველაზე კარგი სადიფერენციაციო საშუალება – ტემპერატურა არის კორონავირუსით გამოწვეული, თუ სხვა მიზეზით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, თერმოსკრინინგის ჩატარება მკაცრდება აჭარაში. კერძოდ, გამყრელიძის განცხადებით, ყველა დახურულ შენობაში, მაღაზიაში, მოლში, აფთიაქში, ყველა სავაჭრო დაწესებულებასა და რესტორანში მკაცრი თერმოსკრინინგია აუცილებელი.

„ასევე, იწყება თერმოსკრინინგი აჭარიდან გასულ ყველა ადამიანზე. მე რომ გავალ, დავტოვებ ბათუმს დღეს ან ხვალ, აუცილებლად უნდა გამისინჯონ ტემპერატურა. ვისაც მომატებული ტემპერატურა ექნება, აუცილებელია, მან შესაბამისი კვლევა ჩაიტაროს. სიმპტომი არ გახლავთ მხოლოდ ტემპერატურა. ამ დაავადების მთავარი სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველა, მშრალი უპირატესად, სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია, ასევე ბავშვებში გამოვლინდეს დიარეული სინდრომი. ამ დროს  აუცილებელია „112“-ზე დარეკვა, ექიმთან კონსულტაცია და ექიმი გეტყვით, როგორ იმართოს ეს პროცესი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და ადრეულ ეტაპზე მართვის დაწყებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.