ამირან გამყრელიძე - ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამყარებული ტესტებითაც განხორციელდება
ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, დადგინდება პირობები, რა შემთხვევაში გაუკეთდება მოქალაქეს „პისიარ“ ან ანტიგენზე დამზადებული ტესტი.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი. ჯერ მხოლოდ არის რინო და ადენო ვირუსები, ასევე არის კორონავირუსი, თუმცა არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების-ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და „პისიარს“ შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი უკვე, თითქმის მიუახლოვდა „პისიარის“ სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, ვის გაუკეთდება „პისიარი“ და ვის ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.