ამირან გამყრელიძე - ჩვენი წინადადებაა, რომ დაწესებულებას, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი იქნება აცრილი, მიენიჭოს კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი
დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ჩვენთან 63 პროცენტზეა ასული უკვე სრულად აცრილთა რაოდენობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა: „ჩვენ გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის 80-90 პროცენტზე ავიდეს, რათა ერთ-ერთი საჩვენებელი დაწესებულება ვიყოთ ამ თვალსაზრისით, ანუ უსაფრთხო დაწესებულება“.
მისივე თქმით, უსაფრთხო სკოლები შემოდგომაზე, უსაფრთხო უმაღლესი სასწავლებლები, უსაფრთხო სამასპინძლო დაწესებულებები, ეს ნიშნავს, რომ 70-80 პროცენტი ამ დაწესებულებებისა იყოს ორჯერადად აცრილი.
„ჩვენი წინადადებაა ეს, ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი – კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც 70-80 პროცენტი იქ დასაქმებული ადამიანების იქნებიან ორჯერადად აცრილები, ანუ სრულად ვაქცინირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.