ამირან გამყრელიძე - ჩვენი პირველი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები
ამირან გამყრელიძე - ჩვენი პირველი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის აუცილებლობა არ დგას.

„იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ დღეს ​კორონავირუსის ​დაახლოებით 15 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა, ჩვენი პირველი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი გახლავთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ რა თქმა უნდა, ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, მიმართონ თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში.

„თუ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში ვინმე მიემგზავრება, აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაცია მოახდინონ. ყველამ, ვინც იტალიიდან ვბრუნდებით, გავითავისოთ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული. ჩვენ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გაიდლაინები და უნდა მიყვეთ ამ პროტოკოლს. თუ არ გაქვთ თვითიზოლირების საშუალება, მაშინ აუცილებელია, საკარანტინო სივრცეში განთავსება, რაც ქვეყანაში საკმაო რაოდენობისაა. მოთავსდებით ორგანიზებულ კარანტინში და იქ შესაბამისი მომსახურეობა გექნებათ. თუ თვითიზოლაციაში ხართ და 14 დღის განმავლობაში განგივითარდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებელია, დარეკოთ ექიმთან ან ინფექციურ საავადმყოფოში, ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და საგანგებო დახმარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს თქვენს ტრანსპორტირებას ინფექციურ საავადმყოფოში. თუ არავითარი სიმპტომი არ გაქვთ, 14 დღის შემდეგ თავისუფალი ხართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საღამოს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი, ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ.