ამირან გამყრელიძე - ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქებაზე, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მომხრე არ არის.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა და აღნიშნული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები დღეს წარედგინა საბჭოს. ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და არ უნდა გადავყაროთ ეს ყველაფერი წყალში. საქართველოსთვის 2000-3000 შემთხვევა ყოველდღიურად, ძალიან ბევრია, ეს იწვევს ჯანდაცვის სექტორზე ძალიან დიდ ზეწოლას. სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად 30-დან 40-მდე სიკვდილიანობა, გვქონდა 50 სიკვდილის შემთხვევაც. მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა ამ ეტაპზე არის 1 104 და აქედან 417 გახლავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გახლავთ სამედიცინო სექტორზე. ამიტომ, ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას, რომ იყოს მნიშვნელოვანი შემსუბუქებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.