ამირან გამყრელიძე - ჩინეთში არის ძლიერი ბიოტექნოლოგიური კომპანიები და ჩვენ, გერმანულ-ამერიკულ-ბრიტანულ „პისიარ“ ტესტებთან ერთად, ვიყენებთ ჩინურ ტესტებსაც, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა
ჩვენ გერმანულ-ამერიკულ-ბრიტანულ, სამხრეთ-კორეულ „პისიარ“ ტესტებთან ერთად ვიყენებთ ჩინურ ტესტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა და ჩვენი ლაბორატორია ძალიან კმაყოფილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ტიპის ტესტი, ანტისხეულებზე დამყარებული, ანტიგენებზე დამყარებული და მთავარი – ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქცენტს აკეთებს სწორედ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე, ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებულ ტესტებზე. რაც შეეხება 30 ათას ტესტს, საუბარი ჰოლანდიურზე და ჩინურზე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ჩინეთი არის უზარმაზარი სახელმწიფო, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა. ეს პანდემია დაიწყო ჩინეთიდან, მაგრამ ვნახეთ, ჩინეთმა როგორ შეძლო შებოჭვა, დამარცხება ჯერ არა, მაგეამ შეკავება და შებოჭვა. ჩინეთში ძალიან ძლიერი ბიოტექნოლოგიური კომპანიებია და ამიტომ ძალიან გთხოვთ, რადგან ჩინურია თითქოს… არა, ბატონებო, ჩვენ გერმანულ-ამერიკულ-ბრიტანულ, სამხრეთ-კორეულ „პისიარ“ ტესტებთან ერთად ვიყენებთ ჩინურ ტესტებს, რომლებსაც აქვთ ძალიან მაღალი მგრძნობელობა და ჩვენი ლაბორატორია ძალიან კმაყოფილია. ზოგი გვაჩუქეს, ბევრი ვიყიდეთ, მადლობა გადავუხადეთ, ამიტომ ამ კონკრეტულ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ. სწრაფი ტესტები არც ერთი გაიდლაინით დიაგნოსტიკისთვის არ გამოიყენება. დადასტურება ხდება მხოლოდ „პისიარით“. სწრაფი ტესტები შიდსის, ჰეპატიტის, ასევე ბევრ სხვა დაავადებებშიც არ იყო ძალიან სარწმუნო და რამდენიმე წლის შემდეგ მათი ხარისხი ძალიან გაიზარდა, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ ეტაპზე სწრაფი ტესტები ქვეყანაში უნდა იყოს და ეს ალგორითმშიც არის ჩადებული.
„სწრაფი ტესტები გამოიყენება დიდი, მასობრივი კვლევებისთვის. მაგალითად, ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის კვლევებისთვის, ჩვენ დღეს ვიყენებთ „პისიარით“ კვლევას და ვაპირებთ, ანტისხეულებითაც. ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს ამ 30 ათასი ტესტის დაწუნებაზე. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს იმიტომ მოხდა რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შესრულდა. ეს ტესტები გახლავთ ისეთივე ხარისხის, როგორც სხვა ტესტები, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.