ამირან გამყრელიძე - ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონ „მწვანე პასპორტი“, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მის გარეშე ვერ შემოხვალთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეები მის გარეშე ვერ შევლენ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, მოითხოვონ „მწვანე პასპორტი“ და აღნიშნა, რომ ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნას გააგრძელებს.
„ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამას აფიქსირებს საბჭო. პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება „მწვანე პასპორტი“ დაშვებული, თუ არა. დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია. მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ „მწვანე პასპორტი“ აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოება ამ ეტაპზე მოხსნილია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შიდა დისკუსიებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.
„რამდენჯერმე გითხარით. მოგეხსენებათ, იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, „მწვანე პასპორტი“ დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.
„მწვანე პასპორტი“ გახლდათ და გახლავთ მხოლოდ ერთი სეგმენტი ვაქცინაციის სტიმულირების. ამისთვის კიდევ ბევრი მეთოდი და ინსტრუმენტია. მონეტარული წახალისება მუშაობს, საკომუნიკაციო კამპანიები და მთავარია, თვითშეგნება. მარტო ის, რომ ვიღაცას დავადგე მათრახით და გინდა თუ არა, აიცერი, ეს არ იზამს. უნდა დავიჯეროთ, რომ უნდა ავიცრათ. ბევრი მტკიცებულებით დადგინდა, რომ აცრა იცავს გართულებისგან და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.