ამირან გამყრელიძე - ბოლო დღეებში გრიპთან დაკავშირებული შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არ აღინიშნება
გრიპთან დაკავშირებით, მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დასტაბილურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსით დაავადების რიცხვის განსაკუთრებული ზრდა არ აღინიშნება, თუმცა წელს წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა შედარებით რთულია.
„წელს ცირკულირებს ა გრიპის შტამი H1N1, რომელიც მეტი აგრესიულობით ხასიათდება. ამიტომ, წელს გრიპისა და გრიპის მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა ამბულატორიებსა და კლინიკებში მომატებულია. ასევე გაზრდილია გართულებების შემთხვევები, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობის ზრდა ფიქსირდება. ლაბორატორიულად დასტურდება H1n1-ით გარდაცვალების 6 შემთხვევა. მომატებული ტემპერატურისა და გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ხველა, თავის ტკივილი, სურდო, შემცივნება, რეკომენდებულია პაციენტებმა მიმართონ ექიმს. გასული ორშაბათის ინფორმაციით, გრიპის ან მსგავსი ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში 100 000 კაცზე 277-ია, რაც ეპიდემიის ზღვარს არ სცდება. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია ბავშვები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპი პირველივე სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
„წელს ორსულებში აცრების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა. 1200-მდე ორსული აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.