ამირან გამყრელიძე - ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, რაც გარკვეული ინდიკატორია იმის, რომ დამშვიდებისკენ მივდივართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსის ლაბორატოროულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 647-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ჯამში ქვეყნის მასშტაბით 33 505 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული.
„გამოკვლეული იქნა 33 505 ჩვენი განსაზღვრებით შესაძლო შემთხვევა და იქიდან დადასტურდა 647. დღეს დილით ჩვენ გვქონდა რვა ახალი შემთხვევა, აქედან ოთხი გახლავთ გუშინწინდელი, 11 მაისის შემთხვევები, რომლებიც გახდნენ ლაბორატორიულად საეჭვო და ამიტომ მოხდა დადასტურება შემდგდომ. ამიტომ ისინი მიეკუთვნებიან 11 მაისს. რეალურად გუშინ გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა და ისინი უკავშირდებიან საკარანტინო ზონებს ან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა 372 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს აჭარბებს.
„ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა აქტიურ შემთხვევებს. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ აქტიური შემთხვევა გახლავთ ის შემთხვევები, რომლებიც იმყოფებიან ჰოსპიტალში ან ამბულატორიულად და ასეთი დღეს გახლავთ 264, რომლებიც მკურნალობენ. როგორც გითხარით, გამოჯანმრთელდა 372. მათ შორის გუშინ 16. ესეც ნიშანდობლივი და საიმედო ინდიკატორია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს, რაც გარკვეული ინდიკატორია იმის, რომ დამშვიდებისკენ მივდივართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.