ამირან გამყრელიძე - ბევრი კრიტიკა იქნება ტრანსპორტის მოძრაობის კიდევ ორი კვირით შეზღუდვის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ეპიდსიტუაციაში მცირედი გაუმჯობესება გვაქვს
ვიცი, ბევრი კრიტიკა იქნება ტრანსპორტის მოძრაობის კიდევ ორი კვირით შეზღუდვის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ახლა ჩვენ ეპიდსიტუაციაში მცირედი გაუმჯობესება გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლომის წილი აქ არის სწორედ მობილობის დაცემა, რაც მოხდა დიდ ქალაქებში მობილობის დაცემის ხარჯზე და ამავე დროს ის, რომ უფრო სერიოზულად არის აღსრულების მონიტორინგი, ილუქება დაწესებულებები, სადაც ისევ დიდი შეკრებები იმართება, ჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლებიც აწყობენ დიდ ქორწილებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ და მოქალაქეებს აცრისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ კიდევ ორი კვირის განმავლობაში რეგულაციები, რათა ეპიდსიტუაციის გარკვეულ კონდიციამდე მივიდეთ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს ქვეყანაში. ვატაროთ პირბადე და სექტემბერში არ დავაგდოთ აცრების ტემპი. ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია, მარტო „ფაიზერი“ გვაქვს ახლა მილიონი დოზა. სექტემბერს ვხვდებით დაახლოებით მილიონი დოზით, აქედან 250 ათასი დოზა დაჯავშნილია. 750 ათასი დოზა იქნება თავისუფალი, რომელიც შეგიძლიათ, პირველ და მეორე აცრებზე გამოიყენოთ. ამის გარდა, კიდევ შემოვა ქვეყანაში ვაქცინები, ასე რომ, შემოდგომაზე ჩვენ ვაქცინების დეფიციტი არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება.