ამირან გამყრელიძე - აუცილებელია, კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე პერიოდში, არ უნდა იყოს მისამძიმრება, სარიტუალო სუფრები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესზე ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული.
მისივე განცხადებით, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელსაც ეს დოკუმენტი გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის ებოლას, ან სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტშია მითითებული და რეკომენდებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.
„საქართველოში ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა და მედიაში არის ინტერესი, თუ რა პროცედურები ტარდება ამ დროს და რას ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები. ჩვენთან არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, დამტკიცებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 25 მარტს. ეს არის ბრძანება 123, რითაც ბევრი რეკომენდაციაა დამტკიცებული და მათ შორის დამტკიცებულია ინსპექციის კონტროლის ღონისძიებები, „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს რა ხორციელდება. ეს დოკუმენტია. დეტალურად არ განვიხილავ, განთავსებულია ვებგვერდებზე. მოგახსენებთ, რომ ზოგადად, დაცული უნდა იყოს ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელსაც ეს დოკუმენტი გულისხმობს, მაგრამ ეს არ გახლავს ისეთი მძიმე, როგორიც არის ებოლას, ან სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ამ დოკუმენტშია მითითებული და რეკომენდებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.
ამ დოკუმენტს გაეცნო ყველა კლინიკა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან. ამ დაავადების დროს სიკვდილიანობის პროცენტი უკვე გითხარით, ეს გარკვეულწილად მოსალოდნელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, პაციენტი, რომელიც კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა, შემოსვლის დღიდან საკმაოდ მძიმე და კრიტიკული აღმოჩნდა, ამიტომ ლეტალური შედეგი მოსალოდნელი იყო. როგორც გამყრელიძე ამბობს, აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე. არ უნდა იყოს ტრადიციული მისამძიმრებები, პანაშვიდები და სარიტუალო სუფრები.
„ჩამოგითვლით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს გაპატიოსნებული ცხედარი. მიცვალებულისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს და ქვეყანაში არის, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით ცხედარი. შემდეგ ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. მიცვალებულის დროებითი დაყოვნების სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება, დროებითი დაყოვნების სათავსოში ცხედრის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში, უნდა ეცნობოს ახლობლებს და მათ კარგად უნდა აუხსნან შემდეგი სარიტუალო პროცედურები და უნდა მიყვნენ ამ სარიტუალო პროცედურებს. სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე პერიოდში და ამას ხაზს ვუსვამ. ამ დროს არ უნდა იყოს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები და სასურველი არ არის სარიტუალო სუფრები და ა.შ. ყველა ეს რეკომენდაცია ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს.
ზოგადად, უნდა ავერიდოთ ასეთ დროს ამ ინფექციით გარდაცვლილთა გაკვეთას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და ამის ჩვენებებია, როდის უნდა იყოს გაკეთებული, აღწერილია, როგორი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, რომელიც კვეთას ჩაატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.