ამირან გამყრელიძე - აუცილებელია, დამსაქმებელმა მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში არ დაუშვას და მას ჩაუტარდეს ტესტირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარების აუცილებლობაზე.
მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია კარგა ხნის განმავლობაში არ გაქრება და დაცვის საშუალება ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავებაა.
„მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს, ერთმანეთი უნდა ვაკონტროლოთ და მივცეთ გარკვეული შენიშვნა, როცა ვთქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას არ უკეთია ან სწორად არ უკეთია ნიღაბი, მივცეთ შენიშვნა ადამიანებს. ეს არ არის შენიშვნა, რეკომენდაციაა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგვადგეს და გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. ეს ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს. ყოველთვის ამას ვსაუბრობ, რომ კორონავირუსული ინფექცია ხვალ, ზეგ, მაზეგ, სამი და ოთხი თვის შემდეგ არ გაქრება, ჩვენთან ერთად იქნება და ერთადერთი დაცვის საშუალება არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება.
არავის ეხალისება, რომ ქორწილი, რომელიც ბედნიერებაა და ერთხელ ხდება ცხოვრებაში, აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ერთი წელი მოვითმინოთ. დიდი თავშეყრები არის ყველაზე მაღალი რისკი. დაგისახელეთ ხომ, რომ იმ დიდი თავშეყრიდან (თბილისის ქორწილის კლასტერი) უკვე რვა შემთხვევაა, და კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. წინა იყო ბათუმში, აგვისტოს ბოლოს, იგივე უზარმაზარი ქორწილიდან. გურიაში რვა შემთხვევაა, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. უნდა იყოს ორივე – საზოგადოებრივი წესრიგის და დისციპლინის გაძლიერება, როგორც კონტროლი საზედამხედველო ორგანოს მიერ, ისე თვითკონტროლი და თვითშეგნება. გვიყვარს ქართველებს გართობა, ეს კარგია, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, უფრო მეტად დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და დისციპლინა.
„ეს ნიშნავს როგორც კონტროლის გაძლიერებას ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც დადგენილია, ისე ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი კონტროლისა და მონიტორინგის გაძლიერებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, სერიოზულად, მობილობის შემცირების მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებები – ქორწილები, ქელეხები და ასე შემდეგ, იკრძალება. უპირატესად, რეკომენდებულია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. დიდ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არ არის რეკომენდებული სწავლის დაწყების წინ დიდი საზეიმო მიღებები და აღნიშვნა. ძალიან გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ აუცილებელია, ყველა დამსაქმებელმა თავისი დასაქმებულის ჯანმრთელობას ადევნოს თვალი და არ დაუშვას სიცხიანი, მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში, რომლებიც უნდა გადამისამართდნენ ტესტირებისთვის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.