ამირან გამყრელიძე - არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, ეს საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას, არც არჩევნებს, მაგრამ თუ „ავიშვით“, ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მისაღები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას ის რეკომემდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის გაცემული.
გამყრელიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანამ კორონავირუსის მეორე ტალღა თავიდან აირიდოს.
„თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ მეორე ტალღაში შეიძლება, არ შევიდეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ იქნება ის მდგომარეობები, რასაც ზოგიერთ რესტორანში ვუყურებთ, პლიაჟებზე დაცული იქნება რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები, ჯანდაცვის სექტორი ყველა თავშეყრის ადგილებზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, დღეიდან ძალაში შევიდა პირბადეების ტარების წესი საჯარო სივრცეში.
გამყრელიძის განცხადებით, თუ მოქალაქეები წესებს დაიცავენ და შესაბამისად, არსებული ეპიდემიური ვითარება არ გაუარესდება, სწავლის დაწყებას ან არჩევნების ჩატარებას ხელს არაფერი შეუშლის.
„აქამდე, 3-4 თვის განამვლობაში ქართველები კარგად ემორჩილებოდნენ წესებს, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, არც კიდევ სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის.
ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ეპიდსიტუაცია იქნა ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, ანუ თუ ჩვენ არ მოვუფრთხილდით დიდ მონაპოვარს, სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივ მონაპოვარს და „ავიშვით“, მაშინ, რა თქმა უნდა, არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ, ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება შემდეგ გადაწყვეტილება უკვე მისაღები – საჭირო გახდება ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ არა და ა.შ. ამიტომ, ჯერ დაველოდოთ და თხოვნაა, რომ ყველამ ერთობლივად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.