ამირან გამყრელიძე - არავითარი საშიშროება არ არსებობს, რომ კორონავირუსის უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობა მოდუნდა და ინფექციისგან დაცვის ელემენტარულ სტანდარტებს სათანადოდ არ ასრულებს.
„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ შედარებით უკეთესი მაჩვენებელი რადგან გვაქვს, „კოვიდი“ დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს. ეს ელემენტარული რეგულაციაა, პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ამ რვა თვის განმავლობაში, რაც კოვიდინფექცია არსებობს, არის უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება არის პირბადის ტარება, როგორც სიმპტომიანი, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრიდან. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თუ რა პროცენტით იცავს , როდესაც პირბადე ორივე ადამიანს უკეთია. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა, დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე. ადამიანები უკვე მოეშვნენ და მაღაზიებშიც აღარ ატარებენ პირბადეს, აღარ ატარებენ სხვა საჯარო სივრცეებში. დახურულ შენობებში კი არა, მოგეხსენებათ, საფრანგეთმა და დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, 2-3 კვირის განმავლობაში სიტუაციის გაუარესების გამო, გაამკაცრეს პირბადის ტარების რეგულაციები და ჯარიმები. ჩვენ არ ვემხრობით , რომ სადამსჯელო ღონისძიებები იყოს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თვითშეგნება, რამაც მოგვიყვანა აქამდე და ჩვენი კარგი დამყოლობა. გთხოვთ, დავყვეთ რეკომენდაციებს. ასევე ღია სივრცეებში, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ – პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა იყო 67, ხოლო 90 პირი გამოჯანმრთელდა. დღევანდელ 18 შემთხვევას შორის კი დაინფიცირების ყველა წყარო ცნობილია – შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.