ამირან გამყრელიძე - არაფერს ვმალავთ, დიახ, არის პანდემია, ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ, ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ
ჟურნალისტებს დიდი როლი გაქვთ ამ ბრძოლაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.
„მასმედიას მეოთხე ხელისუფლებას გიწოდებენ და ეს სწორედ ასეა. იმიტომ, რომ თქვენს ინფორმაციას, განსაკუთრებით, სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობამდე მიგაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში პანიკა არ იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს მაღალი სიფხიზლე, მაგრამ პანიკა არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერს ვმალავთ და ყველაფერს ვამბობთ, რომ დიახ, არის პანდემია და არის ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ და ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოიქცნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც შექმნილ ვითარებაში მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მით უფრო, რომ მათ შესაძლო ინფიცირების არეალში უწევთ მუშაობა და რა რეკომენდაციას მისცემს ჟურნალისტებს, რომ ისინი კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გამავრცელებლები არ გახდნენ.
მისი თქმით, ყველა რესპონდენტთან ახლოს ყოფნა სასურველი არ არის და კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები ერთად არ შეეცდებიან რესპონდენტის ჩაწერას.
„ერთად ნუ ჩაგვწერთ ხოლმე. მართალი გითხრათ, ჩვენთვის რთულია, ცალ-ცალკე რომ მოხვიდეთ, მაგრამ როცა ოცი ადამიანი მოდის, საფრთხე არსებობს. ტელეჩართვები გააკეთეთ, რომ ერთად არ იყოს ხოლმე დიდი შეკრება. როგორც იცით, ყველა დაწესებულება ამ ვირტუალურ კავშირზე გადავიდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გლობალური მედიცინა ისეა განვითარებული, რომ მედიცინა და საზოგადოება კორონავირუსის პრობლემას მოერევა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება და აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ.
„მოამბის“ წამყვანმა, თამთა სანიკიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ ექიმს თავდაუზოგავი შრომისა და გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას გიხდით პირადად თქვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელს და თითოეულ ექიმს იმ თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევისთვის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ვხედავთ“, – განაცხადა გადაცემის წამყვანმა.