ამირან გამყრელიძე - არ ვიცით, კიბერთავდასხმა ლუგარზე იყო გამიზნული თუ მთლიანად ჯანდაცვის სისტემაზე
შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე, ძველი სიმღერაა, ცნობილია ჩვენთვის და პასუხს აღარ ვიძლევით. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ გაურკვეველია კიბერთავდასხმა ლუგარზე იყო გამიზნული თუ მთლიანად ჯადაცვის სისტემაზე.
„კიბერთავდასხმა ჩვენ არ ვიცით ლუგარზე იყო გამიზნული თუ მთლიანად ჯანდაცვის სისტემაზე. რამდენიმე მომენტი დაემთხვა ერთმანეთს: როდესაც გერმანელებმა დაუდასტურეს იქ „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან დაკავშირებით, შემდეგ რუსეთის ერთი-ერთი მაღალი თანამდებობის პირის გამოთქმა, რომ ეს „ნოვიჩოკი“ საქართველოში მზადდება. ამიტომ არის ახლა საუბარი, რომ კიბერთავდასხმა ლუგარზე იყო. გამოძიება მიმდინარეობს, ხდება გარკვევა, თუ რა არის დაზიანებული. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ 2-3 დღის განმავლონაში ოდნავ შეფერხებით მუშაობდა ჩვენი საინფორმაციო სისტემები. რაც შეეხება საინფორმაციო შეტევას ლუგარის ლაბორატორიაზე, ძველი სიმღერაა, ცნობილია ჩვენთვის და პასუხს აღარ ვიძლევით. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რომელსაც იყენებს ხოლმე დაძაბულობის პერიოდში, თუ რატომ თანამშრომლობს საქართველო ასე კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.