ამირან გამყრელიძე - არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, არა, ბატონო, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება, მიკროაფეთქებები გვქონდეს
არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, არა ბატონო, კორონავიურუსული ინფექცია ქვეყანაში არის, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ შეიძლება გვქონდეს ამ ტიპის მიკროაფეთქებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი და ვისარგებლო ეთერებით, მოვუწოდო მოსახლეობას – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება გარკვეულ ოაზისად ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ამ ეტაპამდე მოვახდინეთ და მოვახერხეთ შეკავება ინფექციისა და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენცია, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. არა, ბატონო, კორონავიურუსული ინფექცია ქვეყანაში არის და თუ ამ შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირობებში არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაშინ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამ ტიპის მიკროაფეთქებები“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.
„ეს შემთხვევები, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა, დღეს 11, გუშინ 26, გუშინწინ რვა, ეს არ არის, ვთქვათ, საშიში და პანიკის საფუძველი. ეს არ გახლავთ იმის საფუძველი, რომ შიდა გავრცელება დიდია. ყველა შემთხვევის წარმომავლობა ვიცით თითქმის, ყველა შემთხვევა მართვადია. არც ეს შემთხვევების რაოდენობა არ გახლავთ ისეთი, რომლის კონტროლი და კარგი მართვა არ შეიძლებოდეს. საკმარისი რაოდენობაა საწოლების ქვეყანაში, საკმარისად მომზადებულია სამედიცინო სექტორი და ეს ყველაფერი მართვადია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.