ამირან გამყრელიძე - არ გვინდა, რომ შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ასეული ყოველდღიურად, რაც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის
არ გვინდა, რომ შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ასეული ყოველდღიურად, რაც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოდუნების უფლება არ გაქვს. ამასთან, გამყრელიძემ ისაუბრა ტესტებთან დაკავშირებით.
„ფართოვდება თანდათანობით მეტად „პისიარზე“ დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია უკვე ქვეყანაში. სხვადასხვა გადაცემაში მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა ჯგუფებზე გაფართოვდება ეს, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები, თუ ისინი ინფიცირებული არიან. მაგრამ დღეს უკვე, ჩვენ საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და ძალიან მიხარია შედეგები.
300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ ნული გაქვს შემთხვევა, უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ის ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ. მაგრამ ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შემთხვევების ზრდა გვექნება. მაგრამ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ასეული ყოველდღიურად, რაც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის.
ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ ადამიანებს, ვინც დღეს კლინიკებში გადიან მკურნალობას. ყველაფერი ეძლევათ მათ, რაც საჭიროა და ამიტომ არის შედარებით ნაკლები დაზიანების მაჩვენებელი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.