ზოგადად, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამის გამო შეზღუდვები თანდათან მსუბუქდება, თუმცა, როგორც გამყრელიძე აცხადებს, შეზღუდვები ერთდროულად ვერ გაუქმდება, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.
„იანვარ-თებერვალში, განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისა, ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. დღეს შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 500-სა და 1000-ს შორის. გაფართოებულია ტესტირება, საშუალოდ ტარდება 16 000-იდან 18 000-მდე ტესტი. იყო დღეები, როცა 20 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა დღის განმავლობაში. მდგომარეობა ეპიდსიტუაციისა სტაბილიზდება. ამიტომაც, თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარეობს.
ქვეყანაში რჩება კვლავ ღამის კარანტინის საკითხი და ყველამ უნდა დავიცვათ ის. ასევე რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია დავიცვათ, რადგან ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისევ დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ. რაც არ არის სასურველი. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 8 თებერვლიდან იხსნება შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე. გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ყველა უნდა იყოს ფრთხილად და დაიცვას წესები.
„ორშაბათიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკის მქონე ფაქტორი მოიხსნება, ეს არის მობილობის ყველაზე მეტი ზრდა, რაც დაკავშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებასთან. აქ ძალიან სიფრთხილე გვმართებს, ყველამ უნდა დავიცვათ წესები. უნდა ვიყოთ აუცილებლად პირბადით. არ შეიძლება, რომ მეტროს ვაგონებში, ავტობუსებში, ან მიკროავტობუსებში ვიყოთ პირბადის გარეშე. აუცილებელია, ასევე დავიცვათ დისტანცია, არ გადაიჭედოს მეტროს თუ ავტობუსების ვაგონები. უნდა იქნას მაქსიმალურად დაცული დისტანცია. თუ ივსება ძალიან, ჯობია, რომ დაველოდოთ შემდგომს, ვიდრე იქ იყოს დიდი მოზღვავება ხალხის. სასურველია, რიგების მართვა, მეტროში იქნება, თუ საქალაქო ტრანსპორტზე. და რაც მთავარია, ხშირი სანიტარიზაცია, ხელების დაბანა და ისევ და ისევ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. არაფერი სასირცხვილო არ არის, თუ ვინმეს დაავიწყდა შემთხვევით პირბადე, ამოვიღოთ პირბადე, დავუნაწილოთ მას. ავტობუსი არ დაიძვრება, თუ ვინმე პირბადის გარეშე იქნება. ასევეა მეტროს ვაგონი და ასე შემდეგ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს. კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება. როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, რომ მეხუთე კლასის ზემოთ ბავშვებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, ხოლო მეხუთე კლასამდე, იქნება არა სავალდებულო, არამედ რეკომენდებული.
„ორშაბათიდან გაიხსნება სკოლები, დაიწყება სკოლაში სწავლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობების განათლებისთვის. მაგრამ იქაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, რომ ბავშვებისთვის მეხუთე კლასის ზემოთ აუცილებელია პირბადის ტარება, ხოლო მეხუთე კლასამდე მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ და მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ – სასურველია ასევე პატარებმაც ატარონ პირბადე, სავალდებულო არ იქნება, იქნება რეკომენდებული. მეხუთე კლასის ზემოთ კი რეკომენდაციაა, რომ იყოს სავალდებულო. ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდული ტესტირება, ე.წ. სისტემური ტესტირება, როგორც სკოლის პედაგოგებისთვის, დაახლოებით 20% რანდომულად, ასევე ტრანსპორტის მძღოლებისთვის, მეტროს მემანქანეებისთვის. მოლების თანამშრომლები 14 დღეში ერთხელ გადიან სავალდებულო ტესტირებას. იგივე იქნება ღია ბაზრობებზე და სკოლებთან მიმართებაში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, მოსახლეობის ვაქცინაცია 20-25 თებერვლიდან დაიწყება.
„სადღაც, 20-25 თებერვლიდან დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. თანდათან ეს ვაქცინაცია გაფართოვდება. განსაკუთრებით მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში გაზაფხულზე იქნებ. გვაქვს მიზანი, მოსახლეობის 60% ავცრათ. ამის შემდეგ უკვე ვიფიქრებთ, რომ თანდათან ვამარცხებთ კორონავირუსულ ინფექციას, ისევე როგორც დაამარცხებს ამას მთელი მსოფლიო“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა დაკავშირებულია მომატებულ რისკთან, მაგრამ თუ დავიცავთ წესებს, ინფექციის შეკავება შესაძლებელი იქნება.
„რა თქმა უნდა, ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა დაკავშირებულია მომატებულ რისკთან, მაგრამ თუ დავიცავთ წესებს რაზეც ვსაუბრობთ – დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, არა ბევრი თაშეყრა, არა ერთმანეთთან სიარული, არა ვთქვათ, დიდი ქორწილები, დიდი ჭირის სუფრები, დიდი შეკრებები, კონფერენციები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ შევაკაოთ ინფექციის გავრცელება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.