ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება და მკურნალობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ყველა კლინიკას დაევალოს კორონავირუსით ინფიცირებულის მიღება და მკურნალობა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ჯერჯერობით კვლავ გამიჯნულია კოვიდცენტრები და სხვა კლინიკები.
„გადაწყვეტილება, როგორც ვიცი, მიღებული არ არის. საკოორდინაციო საბჭოზე რამდენჯერმე იყო ამაზე მსჯელობა. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო, რადგან ახლა არიან გამოყოფილი კლინიკები, სადაც მხოლოდ „კოვიდით“ ინფიცირებულები თავსდებიან. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა, „კოვიდიანი“ პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა და თუ ამ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, მისი სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი სხვაგან გადაყვანა, ან თუ მათ აქვთ იზოლირების საშუალება, იქ გაგრძელდეს მკურნალობა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მზადდება თუ მომზადებულია. დღესაც იყო საკითხზე მსჯელობა და არის ასეთი შეხედულება, რომ უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული კოვიდკლინიკები“, – განაცხადა გამყრელიძემ.