ამირან გამყრელიძე - ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 10 შემთხვევა დასტურდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის H1N1.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს.
გრიპი ეს არის მსუბუქი დაავადება და ის თითქოს სიკვდილიანობას არ იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, გრიპით რთულდება ხშირად თანმდევი ქრონიკული დაავადებები. ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს, მათ შორის არის H1N1.
გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით 21 ერთეულით შემცირდა. თუ გასულ კვირას ავადობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე იყო 277, ახლა 256-ია“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია.
„სამწუხაროდ, ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ თვითმკურნალობას და სამედიცინო დაწესებულებებს გვიან მიმართავენ, ანტივირუსული ინტენსიური მკურნალობა დაგვიანებულია. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
პრეპარატი „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება სასწავლო პროცესის გადადებას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში დააკვირდებიან ავადობის მაჩვენებელს და განათლების სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„დღეს რეკომენდაციის გაცემა რთულია. გასული კვირის მაჩვენებელი იყო შემცირებული. ჩვენ დავაკვირდებით ამ კვირაში როგორი იქნება კლებადობის მაჩვენებელი, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და იმის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.