ახლა შეცდომის უფლება არ გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ მსოფლიოს ქვეყნების მაგალითებზე ისაუბრა, თუ როდის დაიწყეს მათ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა.
„როდესაც პიკს გადავივლით და არსებობს უკვე გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან, როგორ უნდა გაიხსნას ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის, უმრავლესობისთვის. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება და ნახავთ, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით იქნება. უკვე გუშინ დაიწყო გერმანიამ თანდათანობითი გამოსვლა, ოღონდ როდესაც უკვე დაღმავალ მრუდზე გადავიდნენ ყოველდღიური შემთხვევების; იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ; იგივე დაიწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ახლა, დამერწმუნეთ.
აქამდე ყველა ის ღონისძიება, რაც ქვეყანამ გაატარა დაწყებული იანვრიდან დღემდე, იყო ძალიან დროული, იყო ძალიან მიზანდასახული და ყოველთვის იძლეოდა შედეგს. ამის შედეგი გახლავთ, 408 შემთხვევა რომ არის დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.