ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა.
„მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კვლევაში. ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა. ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამოდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას. მე რომ რამე გითხრათ პერსონალურ საკითხებთან მიმართებაში, ამას მოყვება პანიკა. ვიდრე არ გვეცოდინება დარწმუნებით, სად არის როგორ არის, ვერაფერს ვიტყვით. გიდასტურებთ, რომ არის ერთი ინფიცირებული ადამიანი, სოფელ ყარაჯალიდან, გიდასტურებთ რომ იყო თელავის საავადმყოფოში პნევმონიით. ამჟამად მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. დღეს დილას დადგინდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.