ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კარანტინის დატოვებამდე ყველა მოქალაქეს ჩაუტარდეს კორონავირუსზე ტესტირება
კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდება, რადგან, ერთი მხრივ, ტესტირების გაფართოება, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ტესტირება ფართოვდება თანდათან. პირველი – ქვეყანაში აღირიცხება ცხელებით ყველა ადამიანი, ანუ ცხელების კლინიკები იმიტომ გაიხსნა, რომ სწორედ კონცენტრაცია მოხდეს ცხელებით მიმდინარე დაავადებების და არ გამოგვეპაროს ცხელების ქვეშ „კოვიდი“. ცხელების ქვეშ ყველა „კოვიდი“ ნამდვილად არ იქნება, დამშვიდდით, იშვიათად იქნება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომ ცხელების კლინიკაში ყველა ადამიანი, და არამარტო ცხელების კლინიკებში, არამედ ნებისმიერ სხვა კლინიკაში, აუცილებლად გაივლის ლაბორატორიულ ტესტირებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ტესტირების გაფართოების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ უკვე დიდი ხანია, ტესტირება უტარდება პნევმონიის მქონე ყველა პაციენტს – ბავშვს, მოზრდილს, ნებისმიერ კლინიკაში მოთავსებულ ადამიანს.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არსებობს გეგმა, ვინ უნდა ჩაერთოს ტესტირებაში, როდესაც ტესტირების მაჩვენებელი დღეში 1500-მდე ავა.
„უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს. დღესაც ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, სიმპტომები ვისაც გაუჩნდა, გავტესტეთ კარანტინში და გადავიყვანეთ „კოვიდის“ კლინიკებში. ვმსჯელობთ ახლა, შიდა მსჯელობა გვაქვს, შესაძლებელია კარანტინიდან გამოსვლის წინ, ვთქვათ, ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ პისიარტექნოლოგიით ტესტირება. რა თქმა უნდა, უკვე დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ახლო კონტაქტში მყოფი, დაგისახელეთ სხვადასხვა კლასტერი, იქ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანია გამოკვლეული და ეს კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება. ხაზს ვუსვამ, რომ გაფართოვდება იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ტესტირების გაფართოება, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა არის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.