ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეისთვის სრულად კონტროლირებადია. არავითარი პანიკის ან განგაშის საფუძველი არ არსებობს.
დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამივე შემოტანილია. ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან. რა თქმა უნდა, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ბაზრობებზე კორონავირუსის ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება.
„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4300-მდე ადამიანია გამოკვლეული. გუშინ და დღეს დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, ხვალ კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იქნას გამოკვლეული. ჯერჯერობით დინამოს ბაზრობაზე ინფექციაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის.
ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.
„კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.