პოლიციელებისა და საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პოლიციელებსა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლებზე ინფექციის აღმოჩენის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია.
„ჩვენ დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის საპატივცემულო პოლიციელებს და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი აღმოჩენის მაჩვენებელი. შესაძლებელია, შემოდგომაზე, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ ეს და ჩავანაცვლოთ მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით. ასევე, თითქმის არ გვქონია არც ერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების. ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.