დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულში „პისიარ“ ლაბორატორია ადგილზევე შეიძლება მოეწყოს. ამის შესახებ გამყრელიძემ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
„ზოგადად, ქვემო ქართლმა შეადგინა მთელი ქვეყნის დაზიანების 32 პროცენტი, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რუსთავში არ გაგვეპაროს რამე. ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროში 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა არის.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია.
ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომ, როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რათა დაარწმუნონ ხალხი თერმოსკრინინგზე უპირველესად, ხოლო შემდეგ აქტიურ გამოკვლევაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ, მარნეულშივე მოვაწყოთ ლაბორატორია, რათა ნაცხების თბილისში ტარება არ მოგვიწიოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ მოეწყოს „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე იმსჯელეს.