ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პენსიონერთა აცრის მეტი სტიმულირებისთვის საკოორდინაციო საბჭოზე გეგმას წარადგენენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განაცხადებით, სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენენ გეგმას, რომლის მიზანია განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინის გასაკეთებლად სტიმულის მიცემა.
მისივე თქმით, გეგმის დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
„არსებობს გეგმა, ჯერ ვერ გავამხელ. გეგმა სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე წარდგება. გეგმა იქნება განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკის, პენსიონერების მეტ სტიმულირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის საკითხს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. გამყრელიძის თქმით, დასკვნა სავარაუდოდ მომავალ კვირაში იქნება.
„12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მომავალ კვირაში უკვე უნდა იყოს დასკვნა ჩვენი იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, საყოველთაო იქნება, ანუ ყველას შევთავაზებთ ვაქცინაციას, თუ ბავშვების გარკვეულ ჯგუფს“, – განაცხადა გამყრელიძემ.