ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე კვლევები დღეს ე.წ. ელიავას ბაზრობაზეც ჩატარდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება.
როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება სხვა ბაზრობებზეც.
„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დინამოს ბაზრობაზე, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული.
ჯერჯერობით, დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ, ვფიქრობთ, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.