ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება და ხელმისაწვდომი გახდება, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში.

გამყრელიძის თქმით, ყველაზე მეტად რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები, შემდეგ უკვე ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ, პირველ რიგში, ალბათ ყველგან აიცრება სამედიცინო პერსონალი, იგივე აშშ-ის იწყებს აცრას სამედიცინო პერსონალით, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ, ექიმები და მათ შორის სამედიცინო პერსონალი. იცით, რომ ჩვენ იგივე გრიპის ვაქცინაში ერთ-ერთ მთავარ რისკ ჯგუფად გვიდევს სამედიცინო პერსონალი და ბოლო მონაცემებით, სადღაც 30 000-მდე იყო აცრილი ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სამედიცინო პერსონალიდან.

შემდეგ მეორე რისკ ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძაღღვთა სისტემის ავადმყოფობები, ანუ ეს ჯგუფები და დანარჩენი იქნება განხილული, როგორც არის მოხუცთა სახლები, თავშესაფრები და ა.შ. მაგრამ, პირველ რიგში, ყველა ქვეყანა მიმართავს სამედიცინო მუშაკების აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. კოვაქს პლატფორმაში, რომელიც მუშაობს გავის ალიანსის ბაზაზე. გავის ალიანსი ვაქცინების გლობალური ალიანსია, რომელიც შექმნილია ამ საუკუნის დასაწყისში და ჩვენ მასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობთ. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, ეს პლატფორმა შეისყიდის რამდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებლის მიერ. ანუ, ეს იქნება „ოქსფორდის“, „ფაიზერის“, ან „მოდერნას“ ვაქცინა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ვაქცინებზე ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.