ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

„დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი.

ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. სამი არის ტრაილერის მძღოლი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.  გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს სამი შემთხვევა. ისინი იყვნენ კარანტინში და საფრთხეს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისვე თქმით, ქვეყანაში არასოდეს შეჩერებულა სატვირთო გადაზიდვები და ბოლო ერთი კვირაა, საზღვრებზე ტესტირება გამძაფრდა.