ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ კვირაში შემთხვევათა უმეტესობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა.
გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა – 24 სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
„აქედან ექვსი თვითონ ქალაქ გარდაბანში, გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქიდან ოთხი გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა სოფელ ყარაჯალარში ფიქსირდება.
„ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალარში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4000-ია ამ სოფელში, სამ სოფელში ერთად კი, დაახლოებით 7 000“, – აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა ორი პროცენტი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის.
„ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი, რომელსაც ჩვენ ვეძახით. პირველი გახლავთ თვითონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ანუ ქალაქ გარდაბანში არის უბანი ლელაშხა, სადაც ეკომიგრანტები არიან სვანეთიდან, იქ გვაქვს ხუთი შემთხვევა, ასევე გვაქვს ყარაჯალარში 14, ყარათაკლიაში ოთხი შემთხვევა. ამავე დროს, თბილისში გვაქვს ხუთი შემთხვევა, სადაც ჯერჯერობით ორზე წყაროზე ვერ გავდივართ, ყველაფერი ეს ფრიად საყურადღებოა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღნიშნული სოფლებიდან დაახლოებით 1077 ადამიანია გამოკვლეული და 24 პოზიტიური შემთხვევაა დაფიქსირებული.
„94 ადამიანი არის გადაყვანილი კარანტინში. ცოტა რთულია ურთიერთობა მოსახლეობასთან და კონტაქტირებული ადამიანების კარანტინში გადაყვანა რთულდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა, ვინც ამას ექვემდებარებოდა, გადაგვეყვანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.