ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 5.8 პროცენტს შეადგენს
ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 5.8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში დღეს გვაქვს 669 ახალი შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა 19 311 ტესტიდან. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ისმის ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში არის ყველაზე ნაკლები – 3,5%. ბოლო შვიდ დღეში გვაქვს 4,7%, ბოლო 14 დღეში 5,8%. იცით, რომ ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 8,4%-ს შეადგენს.
დღევანდელ ინფორმაციაში მაქვს დადებითობის პროცენტის შედარებითი მაჩვენებელი, ოქტომბერ-ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ორკვირებულ შუალედს შევადარეთ. საინტერესო დინამიკაა – 23 ოქტომბერი-5 ნოემბერი – 19%, 6-19 ნოემბერი – 24%, 20 ნოემბერი-3 დეკემბერი – ეს იყო პიკი და გვქონდა 30%, თითქმის ყველა მესამე გატესტილი იყო დადებითი, 4-7 დეკემბერი გვქონდა 22%, 18-31 დეკემბერი – 14,5%, 1-14 იანვარი – 10,5% და 15-28 იანვარი საშუალოდ გვაქვს 5,8%“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.